რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) გამბედაობა არ მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები ძალითა და გამბედაობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიასთან კამათში შესვლას არ აპირებს და მას არ პასუხობს, საზოგადოების კითხვებს სცემს პასუხს.

თამარ ჩუგოშვილი იმ შეხვედრაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაიმართა და რომელსაც ის, ეკა ბესელია და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

„სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა. რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრას მე და ეკა ბესელია ერთად ვესწრებოდით. ყველა შეხვედრა იმას ეხებოდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ათკაციანი სია გამოაგზავნა. მე და ჩემი კოლეგები ამ სიას ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი პოზიცია სიასთან დაკავშირებით იყო და რჩება შემდეგი, რომ მოსამართლეების დანიშვნა იმ ფორმით და იმ სახით, როგორც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოინდომა დეკემბერში, არასწორი, მიუღებელი იყო, ამას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა და ეს ასეც მოხდა.

პარლამენტს იმ სიის განხილვა არ დაუწყია, რადგან შევთანხმდით, რომ ჯერ კანონი პარლამენტს უნდა მიეღო, ხანგრძლივი, რთული პროცესი უნდა ყოფილიყო კანდიდატების დანიშვნა. ჩემს მიმართ კონკრეტულად ვინმეს ხმის მიცემაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი როგორ უნდა გაგრძელებულიყო იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს მიერ წარმოდგენილმა სიამ დიდი პროტესტი გამოიწვია დეპუტატებშიც და საზოგადოებაშიც", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×