"ქართული ოცნების" დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან და ეკა ბესელიას ერთად ის მართლაც ესწრებოდა:
„ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგ წავედით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა, რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს.
რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ. ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი ცხრა წლის შვილის წინაშე. ის, რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს“, - წერს ჩუგოშვილი.