მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება. ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება.
წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული.
იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა.ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
მორწმუნეები 27 სექტემბერს მარხვით აღნიშნავენ.
მაცოცხლებელი ჯვარი უფლისა გვახსენებს იესო ქრისტეს ჯვარცმას და ვნებას კაცობრიობის გადარჩენისთვის.
ჯვართამაღლების დღეს ეკლესია იხსენებს გოლოგთას, სადღესასწაულო მსახურებაზე კი სახარება მოგვითხრობს პილატესთან იესო ქრისტეს გასამარტლებას და მის ჯვარცმას. ეკლესია ამ დღეს ჩვენც მოგვიწოდებს სინანულისა და გოლგოთაზე უფალთან დგომისკენ. იმისათვის, რომ ტრაპეზზე დაბრძანებული ჯვრის სიდიადე შევიგრძნოთ, მას მარხვითა და ლოცვით განწმენდილნი უნდა მივეახლოთ.
სწორედ ამიტომ ეკლესიამ ერისკაცთათვის ერთდღიანი მარხვა დააწესა 27 სექტემბერს.
სამონასტრო ტიპიკონით კი ორდღიანი მარხვაა დაწესებული - 26 და 27 სექტემბერს.
ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება არ იყო მხოლოდ ისტორიული მოვლენა; ეს მაგალითია ქრისტიანისათვის, ისევე, როგორც ჯვარი ამაღლდა, იესო ქრისტეს მასზე ჯვარცმით განდიდდა და გაბრწყინდა, ასევე ჩვენც უნდა ავმაღლდეთ შინაგანი და სულიერი სამყაროთი, რათა ღირსი შევიქმნეთ იესო ქრისტესთან ურცხვენელი შეხვედრისა.