კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგი კიდევ უფრო სავალალოა, ვიდრე აქამდე ეგონათ - 30 წელიწადში მან შეიძლება მილიარდობით ადამიანს შეუქმნას საფრთხე, რასაც მისი მხოლოდ ერთი შედეგი, ოკეანის დონის მატება გამოიწვევს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ნეგატიურ ეფექტებზე - ამის შესახებ საუბარია კლიმატის ცვლილებაზე სამთავრობოთაშორისი პანელის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც ბრიტანული „გარდიანი" ავრცელებს.
კერძოდ, თუ მოვლენები ნეგატიური სცენარით განვითარდა, ამტკიცებენ მეცნიერები, ოკეანის დონე 2050-ისთვის 4 მეტრით მოიმატებს, რაც მსოფლიო რუკას მთლიანად შეცვლის.
გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზი, რომელიც პესიმისტური პროგნოზებით შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის გაქრობითაც დასრულდეს, ადამიანის საწარმოო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ე.წ სათბური გაზებია (ეს არის ემისიების შრე, რომელიც სათბურის სისტემით მოქმედებს - ატარებს მზის სხივებს დედამიწისკენ, მაგრამ აბრკოლებს დედამიწიდან არეკლილ სხივებს და შედეგად იწვევს გლობალურ დათბობას).
კლიმატოლოგების შეფასებით, კაცობრიობას აღარ შეეძლება თავიდან აიცილოს მყინვარების მასობრივი დნობა, ზღვაში ფლორისა და ფაუნის შემცირება, ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირება, უფრო მეტიც, ყველაზე უარესი სცენარი კი ისაა, რომ თუ არ მიიღება ზომები ემისიების შემცირების მიმართულებით, ზღვის დონემ შესაძლოა რამდენიმე მეტრით მოიმატოს, რაც მილიარდობით ადამიანს დააზიანებს.
მოხსენებაში ასევე გაცხადებულია, რომ განსაკუთრებით სახიფათოა გრენლანდიისა და ანტარქტიდის მყინვარების დნობა, რაც ცვლის სანაპიროების რუკას და თავად ოკეანის შემადგენლობასაც - სადაც წყლის მჟავიანობა იზრდება, ჟანგბადის შემცველობა კი მცირდება.
ექსპერტები ამბობენ, რომ თუ საშუალო ტემპერატურამ მხოლოდდამხოლოდ 2 გრადუსით მოიმატა, ეს მსოფლიოს ყოველწლიურად ტრილიონობით დოლარის ზარალს მოუტანს. დიდი ქალაქების ნახევარი ოკეანის სანაპიროზეა განლაგებული, სადაც დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. წყლის დონის მატება პირველ რიგში სწორედ მათ დააზარალებს და მილიონობით ადამიანის მიგრაციას გამოიწვევს.
„(ოკეანის) სანაპიროებზე მდებარე დასახლებების ბედი განსაკუთრებით სავალალოა, თუმცა ამ პროცესების შედეგს თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე შეიგრძნობ," აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან ბამბერი.