რეზონანსი
25.09.2019

  უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მასზე თითქოს სატელეფონო საუბრის დროს განახორციელა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მასზე ზეწოლის განხორციელებას ვერავინ შეძლებს, რადგან ის დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტია.

„ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ჩემს ვაჟს, რომელიც ექვსი წლის არის", - განაცხადა ზელენსკიმ.

სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც თითქოს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა, დემოკრატიული პარტია პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად საკმარის მიზეზად მიიჩნევს.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში კომპანია ბურისმაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

ყოფილმა გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.

შოკინის საქმიანობით დასავლეთში ბევრი ლიდერი იყო უკმაყოფილო, რადგან ამბობდნენ, რომ ის კორუფციას არასათანადოდ იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლებაც მოითხოვა. საბოლოოდ გენპროკურორი თანამდებობიდან 2016 წელს გადააყენეს.

წარმომადგენლობით პალატას იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად მხოლოდ ხმათა უმრავლესობა სჭირდება. თუმცა ამის შემდეგ პრეზიდენტის საკითხს სენატი განიხილავს და იქ უკვე იმპიჩმენტისთვის ხმების ორი მესამედია საჭირო. კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობას დონალდ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები წარმოადგენენ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×