დღეს რომ მოქმედებდეს იგივე კანონმდებლობა და კონსტიტუცია, მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას, რადგან ის იყო კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ განაცხადა.
სხდომაზე დეპუტატი დაჩი ბერაია დაინტერესდა, 2011 წელს მოსამართლე შოთა გეწაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება იყო თუ არა სამართლებრივად გამართული და მიიღებდა თუ არა, ახლაც იგივე გადაწყვეტილებას.
„ორ მოსარჩელეს, ივანიშვილსა და ხვედელიძეს, ორივეს გააჩნდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, ხვედელიძეს ასევე გააჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა. შემდგომში მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მათთვის მიენიჭებინათ საქართველოს მოქალაქეობა. განაცხადში დაფიქსირდა, რომ ორივე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. პრეზიდენტმა მიანიჭა მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ორივეს. წლების შემდეგ, 2011 წელს პრეზიდენტმა ორივეს შეუწყვიტა მოქალაქეობა. მოსარჩელე ივანიშვილს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მაშინდელი კონსტიტუციური ჩანაწერით და ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ ეწერა - თუ საქართველოს მოქალაქე შემდგომში მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მაშინ მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ზუსტად ეს იყო მაშინ სახეზე.
დღეს რომ მოქმედებდეს იგივე კანონმდებლობა და კონსტიტუცია, მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას, რადგან ის იყო კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისი. ეს გადაწყვეტილება მაშინდელ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყო. არავითარი ზეწოლა ამის თაობაზე არ ყოფილა ზეწოლა რომ ყოფილიყო მოსარჩელე ხვედელიძეს დავუკმაყოფილებდი სარჩელს? დღესაც რომ ის კანონდებლობა არსებობდეს, დღესაც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რადგან ის იყო სამართლებრივად გამართული და კონსტიტუციური", - განაცხადა გეწაძემ.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს უსმენენ.
ოპოზიციის განცხადებით კითხვები მათ, გეწაძის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციას მოუწოდებს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესში ბოლომდე ჩართულები იყვნენ.
წყარო: პრაიმტაიმი