
(რეზონანსი) თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა, კახეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათს გრძელდებოდა.
გარდაცვლილი ნონა ლაზარიაშვილის ახლობლები ყვებიან, რომ მკვლელობის დღეს, სახლიდან ვიღაცამ დახმარება ითხოვა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
"ნონა დუბაიში ცხოვრობდა. რამდენიმე დღეა, უფროსი დის ავადმყოფობის გამო ჩამოვიდა. ქმართან 11 წელია, გაშორებულია. ეს ნონას მშობლების სახლია, რეზო აქ ხშირად მოდიოდა. ორი წლის წინ სიდედრის გარდაცვალებისას, სამძიმარსაც იღებდა. ახლა, ნონა რომ ჩამოვიდა, აქ დახვდა. ხშირი კონფლიქტები არ ჰქონიათ, ამიტომ რაზე იჩხუბეს, არ ვიცით. სახლში მარტოები იყვნენ.
მშობლები სისხლის გუბეში, ტყუპის ცალმა გოგონამ იპოვა, საქმეზე იყო გასული და სახლში პირადობის მოწმობის ასაღებად შემობრუნდა. მის კივილზე გამოვედით, საშინელ დღეში იყო. გვეხვეწებოდა გვენახა, იქნებ მეშლება და დედა ცოცხალიაო"- ოჯახის ახლობელი.
გამოძიების ინფორმაციით, ნონა ლაზარიაშვილი სანადირო თოფითაა მოკლული. სისხლის სამართლის საქმიდან იკვეთება, რომ თოფი ოჯახში ინახებოდა, საბრძოლო მდგომარეობაში, ის რეზო კეკელიძემ (გარდაცვლილი ქალის ყოფილი ქმარი) მოიყვანა და ტყვიები თოფში მან ჩაალაგა. მოწმეების დაკითხვით იკვეთება, რომ ქმარი ქალს შერიგებას სთხოვდა, თუმცა ლაზარიაშვილი კატეგორიულ უარს ამბობდა.
თავად რეზო კეკელიძე უმძიმეს მდგომარეობაში - კომაშია, ხელოვნურ სუნთქვაზე, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მოწმედაც კი არ არის დაკითხული. სამართალდამცავებმა ჯერჯერობით, მას ბრალი ვერ წაუყენეს.