(რეზონანსი)შეცდომის გამოსწორება შეიძლება,პრეზიდენტმა რაც გააკეთა ამის გამოსწორება შეუძლებელია, ამის შესახებ მოკლული გიორგი ქოიავას მამამ, თამაზ ქოიავამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
"შეიძლება შეცდომა დაუშვას პრეზიდენტმაც, ნებისმიერმა ადამიანმა, მაგრამ როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი იწყალებს დამნაშავეებს, მკვლელებს, ეს უკვე არ არის შეცდომა. შეცდომის გამოსწორება შეიძლება და ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ამის გამოსწორება შეუძლებელია, - განაცხადა თამაზ ქოიავამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოკლული გიორგი ქოიავას მამა იკითხება. თამაზ ქოიავა პროკურატურაში დაახლოებით საათნახევრის წინ მივიდა.
უწყების განცხადებით, მათ რამდენიმე დღის წინ, პარტია „ევროპულმა საქართველომ" მიმართა და სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა რომ პატიმრების შეწყალების სიასთან დაკავშირებით მისი სახელი და გვარი გამოიყენეს და მას კავშირი არ აქვს.
ამასთან , პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა ზურაბ ნადირაძე, რომლის ექსტრადირებასაც 23 წელი ითხოვდნენ. 1994 წლიდან, საქართველოს ზურაბ ნადირაძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მის ექსტრადირებაზე ჩეხეთმა ქართულ მხარეს რამდენჯერმე უთხრა უარი, თუმცა, 2017 წლის დასაწყისში მისი დეპორტაცია გადაწყდა.