(რეზონანსი)გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლული თარაშ მუკბანიანის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეს რეკომენდატორებად ჭიდაობის ფედერაცია, კრივის ფედერაცია, აჭარის ფეხბურთის ფედერაცია და ტოჩინოშინი დაასახელა.
ინფორმაციას ოფიციალურ Facebook გვერდზე ჭიდაობის ფედერაცია გამოეხმაურა. გეგეშიძის უწყებამ წყაროებს ბრალდების დამადასტურებელი საბუთის გამოქვეყნება და მოჭიდავეებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და აქტიური გულშემატკივრობისთვის, რომელიც ჩვენი მოჭიდავეების წარმატებებს კიდევ უფრო ალამაზებს. 23 სექტემბერი ჭიდაობის ფედერაციისთვის საზეიმო დღე იყო. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ ქართველი გმირები. სწორედ ეს იყო მთავარი სასაუბრო თემა! ფედერაციის ხელმძღვანელობამ შეგნებულად აარიდა თავი კომენტარს იმ ცრუ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა.
მოვითხოვთ, მატყუარა წყაროებმა გამოაქვეყნონ გუშინ გავრცელებული ბრალდების დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ ასეთი არ არსებობს. მოუხადონ ბოდიში მოჭიდავეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც შეცდომაში შეიყვანეს. არც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და არც მის პრეზიდენტს არანაირი რეკომენდაცია არ გაუწევიათ. ეს იყო მორიგი ბინძური მცდელობა, მოჭიდავეების წარმატების გადასაფარად და დასაკნინებლად." - ნათქვამია განცხადებაში.
საკითხს ადვოკატი დავით ჯაფარიძეც ეხმაურება და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მედიას კი ინტერვიუ მისმა კოლეგამ მისცა.
