რეზონანსი
24.09.2019

 ლიკუნა (რემკა) რევიშვილი, ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი ჟურნალ "გზასთან" ბაბუას შესახებ საინტერესო ამბებს იხსენებს:

"10 თვის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. ახლა 28-ის ვარ და ეს პერიოდი ისე ვიცხოვრე, არასდროს გამიგია, რა არის უმამობა. ჩემ გვერდით ბაბუ იყო. ბაბუ კი იყო სიყვარული, გულწრფელობა, ზრუნვა, ბედნიერება, თანადგომა... მე, დედას და დეიდას სულ გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ყველაზე ლამაზები ვართ, რომ ყველაფერი გვიხდება. ის ჩემთვის ბაბუაც იყო, მამაც, მეგობარიც... როგორც მე მინდოდა, ყველაფერი ყოველთვის ისე იყო.

სამშობლო მან შემაყვარა, სულ სოხუმსა და გაგრაზე მელაპარაკებოდა, თავისუფლებას მასწავლიდა. ინტელექტუალი იყო, სულ კითხულობდა. გამორჩეულად თომას მანის შემოქმედება უყვარდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკა დაგვიტოვა. უნიკალური, ხელით ნაწერი წიგნები გვაქვს.

ბაბუს გარდაცვალებამდე ვამბობდი, მას ყველაზე კარგად ვიცნობ-მეთქი. გარდაცვალების შემდეგ კი აღმოვაჩინე, მგონი, საერთოდ არ ვიცნობდი. დღეს ადამიანები მასზე ისეთ ამბებს ჰყვებიან, თურმე ბევრი სიკეთე უკეთებია, არასდროს ამის აფიშირებას არ ახდენდა. ის ამბავიც პირველად გავიგე, რომელიც თქვენ მითხარით. მეგონა გულთან ბევრი რამ არ მიჰქონდა, თურმე სხვაგვარად ყოფილა. 18 წელი სიმსივნეს ისე ებრძოდა, არასდროს უთქვამს სიტყვები: "ცუდად ვარ", "მტკივა"...

ბაბუ ხორცს არ ჭამდა, ვეგეტარიანელი გახლდათ. ამბობდა, რაც თავი მახსოვს, ხორცის გემო არ გამისინჯავს. ძალიან პატარა რომ ვიყავი, დედა მეჩხუბებოდა, ერთხელ ხელითაც შემეხო, ხორცის ჭამა აუცილებელიაო, მაგრამ მე მაინც არ ვჭამდიო. არასდროს იმის აფიშირებას არ ახდენდა, რომ ეკლესიაში დადიოდა. მას შემდეგ, რაც ბაბუ ლოგინად ჩავარდა, ერთ დღეს მე და დედა მთაწმინდაზე ტაძარში ავედით. იქ მოიკითხეს, ნუგზარი სად არისო? თურმე ყოველდღე დადიოდა და ზიარებას იღებდა. მეგონა, რელიგია საერთოდ არ აინტერესებდა... " - ამბობს ლიკუნა რევიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×