რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) თბილისი, ზემო ფონიჭალა, კორპუსი N 3ა... ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის წელიწადი არ გავა ისე, რომ კორპუსში მძიმე ტრაგედია არ დატრიალდეს.

ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა... 14 წლის გოგო მე-7 სართულიდან გადმოვარდა. დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ის დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მოზარდი გარკვეული პერიოდი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი გოგონას დედა იყო ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვან მოწმეებს შორის, რომელიც 2016 წელს ამავე კორპუსის გვერდით სადარბაზოში, ასევე მე-7 სართულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე გამოიკითხა. ოთარ მამფორიას ოჯახში წარმოუდგენელი ტრაგედია 2016 წლის 22 თებერვალს დატრიალდა. მისი 43 წლის მეუღლე ნონა რომანაძე და 3 წლის ქალიშვილი - მარიამ მამფორია სასტიკი მეთოდებით მოკლეს. მკვლელმა ნონა რამინაძეს ყელი გამოსჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა, 3 წლის ბავშვს კი იგივე დანა 16-ჯერ ჩაარტყა, ხოლო ცხედარი დაწვა.

ამავე კორპუსში და ამავე ბინაში (მე-7 სართულზე) ტრაგიკულად გარდაიცვალა ოთარ მამფორიას პირველი მეუღლეც. შემთხვევა 2009 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე მოხდა. 7 თვის ორსული ქალბატონი ახლობლებმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

„გარდაცვალების მიზეზად ეპილეფსია დასახელდა, მაშინ ვერც ჩვილის გადარჩენა მოხერხდა", - გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი.

სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმაც 2013 წელს. 50 წლამდე ქალბატონი ასევე მე-7 სართულიდან გადმოხტა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა უცნობი დარჩა, რამ, ან ვინ მიიყვანა შუახნის ქალი სუიციდურ მდგომარეობამდე.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×