კორნელი კაკაჩია: “ტრამპი ანგარიშს გაუწევს ჯო ბაიდენის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო მარათონში“
თამთა ჩაჩანიძე
23.09.2019

 „რთულია თქმა იმისა თუ ტრამპი რამდენად შესძლებს ამ ზეწოლის განხორციელებას და რამდენად დასთანხმდება ამაზე უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, ტრამპის სურვილი მიუთითებს იმაზე, რომ იგი საკმაოდ უწევს ანგარიშს ჯო ბაიდენის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო მარათონში" - ასეთია „რეზონანსთან", „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი, კორნელი კაკაჩიას მოსაზრება ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ცდილობს მისი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის იმიჯის შელახვას.

აშშ-ს რამდენიმე საინფორმაციო წყაროს ცნობით 25 ივლისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგა სკანდალური სატელეფონო საუბარი, სადაც ამერიკული წყაროებზევე დაყრდნობით, ტრამპმა ზელენსკის აშშ-ს ყოფილ ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟზე ჰანტერ ბაიდენზე გამოძიების დაწყება შესთავაზა.

„რეზონანსი": თუ ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა, რასაც აშშ-ს საინფორმაციო წყაროები წერენ, რატომ შესთავაზებდა ზელენსკის ტრამპი ჰანტერ ბაიდენზე გამოძიების დაწყებას, მიზეზი რა შეიძლება იყოს?

კორნელი კაკაჩია: შეიძლება ვივარაუდოთ,რომ აშშ-ს შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დონალდ ტრამპი ცდილობს არ შეიმჩნიოს და არ მიიღოს ბაიდენი ისე, როგორც სერიოზული კონკურენტი, ის მაინც მოიაზრება ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად, აქედან გამომდინარე ტრამპი ცდილობს რაღაცნაირად დააზიანოს მისი იმიჯი.

მათ შორის ეს იქნება ოჯახის წევრების მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები თუ სხვა რამ, ამისთვის იგი არ ერიდება თუნდაც სხვა ქვეყნების ლიდერების, ზეწოლას, იგი მათზე გარკვეულ გავლენას ახდენს იმისათვის, რომ შემდეგ ეს საბოლოოდ მის წინასაარჩევნო პერიოდში გამოადგეს.

„რ": დასთანხმდება თუ არა ტრამპის წინადადებას ზელენსკი?

კ.კ.: რამდენად შესძლებს ამ ზეწოლის განხორციელებას და რამდენად დასთანხმდება ამაზე უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ტრამპი საკმაოდ უწევს ანგარიშს ჯო ბაიდენის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო მარათონში.

„რ": აშშ-ს იმიჯზე როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა?

კ.კ.: ტრამპს სხვა რაღაცაც გაუკეთებია, რაც აზიანებს აშშ-ს იმიჯს, იქიდან გამომდინარე, რომ ის საკმაოდ ექსტრაორდინალური პოლიტიკოსია, იგი ხშირად აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს და გამომდინარე მისი იმპულსური ხასიათისგან, ასეთი რამე გამორიცხული არ არის.

ეს ქცევა და იმიჯი ალბათ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის პოტენციური ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიას.

რა თქმა უნდა, ტრამპი ცდილობს, რომ ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც შეეხება ბაიდენს, მის ოჯახს და გარემოცვას, თავის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოიყენოს, რამაც საბოლოოდ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლიც კი ითამაშოს.

„რ": ტრამპის მეორე ვადით არჩევის შანსებს როგორ განიხილავთ?

კ.კ: თუ გადავხედავთ საზოგადოებრივ გამოკვლევებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე დრო საკმაოდ დიდია, ტრამპი გარკვეულ შანსს ინარჩუნებს, თუ ამ ბოლო წლის განმავლობაში რაიმე სტატიკური შეცდომა არ დაუშვა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, რაც ყველაზე მთავარია, აშშ-ს ამომრჩეველის რაღაც ნაწილს ის ჯერ კიდევ მოსწონს, მას ჰყავს,როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები .

„რ" უკრაინის იმიჯზე როგორ აისახება ეს?

კ.კ.: არა მგონია, რომ ან უკრაინის, ან ტრამპის პრესტიჟს წაადგეს, ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, ამან შესაძლოა გარკვეული სკანდალიც გამოიწვიოს , აქედან გამომდინარე არც ერთი და არც მეორე მხარე დაინტერესებული არ არის, რომ ასეთი სცენარი განვითარდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×