(რეზონანსი) უმძიმესი დანაშაული თბილისში - რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3.000 ლარამდე უხდიდნენ. დაკავებულთა შორის არიან ბავშვების მშობლები, ნათესავები და ფოტოსალონების მფლობელები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ერთ-ერთი დაკავებული, აშშ-ის მოქალაქეა, მეორე ბრალდებულს, ავსტრალიის მოქალაქეს, უშუალოდ პორნონაწარმის გასაღება ევალებოდა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
დ. ც., გორის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი აცხადებს "კვირის პალიტრასთან":
- ამ კაცმა ბავშვები მშობლებიანად ჩაითრია ბინძურ საქმეში, ალბათ, "დააბოლა" მშობლები. იქნებ ბავშვებს აშანტაჟებდნენ კიდეც, ვინ იცის. მშობლებმაც იცოდნენ, რომ მას სამოდელო სტუდია ჰქონდა და იქ თვითონ დაჰყავდათ შვილები. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბავშვები მშობლებს ეხვეწებოდნენ, იქ წასვლა არ გვინდაო. ფოტოსესიებში თავიდან ჩართული რამდენიმე ბავშვი გამოეთიშა კიდეც ამ საქმეს. როცა სიუჟეტი ვნახე, გავშრი. აქაურები ამბობენ, ის ფოტოები რომ გვენახა, იმ ხალხს დავწვავდითო. ჩვენი სოფლიდან 5 თუ 6 ბავშვი იყო ჩართული ამ საქმეში. უცხოელებმა რა ხელშეკრულებებიც გაუფორმეს, თურმე სულ სხვა რამეს ითვალისწინებდა. როგორც ჩანს, ბავშვებს გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ - ყველა მსხვერპლი ლამაზი ბავშვია. ამ მშობლებს ასე რამ დაუბნელათ გონება, რომ ფულის გულისთვის შვილებს ყიდდნენ და არც ინტერესდებოდნენ, რა საქმისთვის უხდიდნენ მათ ფულს, და თუ იცოდნენ, რაში უხდიდნენ, მით უარესი!