(რეზონანსი) პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანების, „ძალა ერთობაშიას" წევრი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს" არ ენდობა.
როგორც მან აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს" „ნაციონალურ მოძრაობასთანაც" ჰქონდა გაფორმებული შეთანხმება, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაერთიანებულ ოპოზიციას მათგან ლანძღვის მეტი არაფერი მიუღია.
„მათ ჰგონიათ, რაღაც ინდულგენცია გვაქვს გაერთიანებაში. 12 პარტია ვართ და მე მაქვს ჩემი აზრი. ასეთ წარმატებულ პროექტს ძირი არასოდეს უნდა გამოუთხარო, რასაც ვხედავ, რომ ძალიან დიდი ხანია „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აკეთებენ. მათი განცხადებებიდან გამოვდივარ, ყოველთვის, იქნებოდა ეს ოთო კახიძე თუ თამარ ჩერგოლეიშვილი. მაგალითად, გიგა ბოკერია იყო მიხეილ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრაქტიკულად იდეოლოგი და უხერხულია, დღეს გამოდიოდეს და აკრიტიკებდეს „ნაციონალურ მოძრაობას". სასაცილოა ეს ყველაფერი. უხერხულ ფორმას იღებს პიროვნულად, კაცურად", - აღნიშნა ჩარკვიანმა.