
შოთო სიხარულიძეს, რომელიც 14 წელია საქართველოდან უცხოეთში წასული ადამიანების ცხოვრებას აშუქებს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ეპითეტებით ამკობენ, ზოგი მას ემიგრანტების იმედს უწოდებს, ზოგი კი ემიგრანტების ჯიბის წურბელას.
შოთო სიხარულიძე, რომლის გარშემო მუდმივად სკანდალები და ჭორები ვრცელდება, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. მისი თქმით, მან ემიგრანტებთან ურთიერთობა 2007 წლიდან დაიწყო.
„მე და ემიგრანტები 14 წლის წინ შევიკარით ერთ ოჯახად და ჩვენი რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. 2017 წელს ჩემს ჯგუფში მილიონი ადამიანი იყო გაწევრიანებული. შემდეგ კი კომპიუტერი გამიტეხეს და ყველანაირი ინფორმაცია წამიშალეს. მთელი წელი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ამბობდნენ, იმიტომ ტირის, რომ ემიგრანტებს ფულს ვერ სძალავსო.
ბევრს უნდა მსგავსი საიტი გააკეთოს და პოპულარული გახდეს, მაგრამ ვერ ახერხებენ. წინა წლებში ქართველი ემიგრანტები არავის ახსოვდა. ბოლო სამი წელია, რაც ამ თემამ წამოიწია, თოქ შოუები იწვევენ და ა.შ. 14 წლის წინ კი არავის ახსოვდა“, - ამბობს შოთო სიხარულიძე.