(რეზონანსი) გონიოს პლაჟზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი აქტივისტი, ირაკლი არეშიძე პოლიციამ უკვე გამოკითხა.
ირაკლი არეშიძის თქმით, მას ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სახეში ხელი გაარტყა.
„თავიდან სასტუმროს აივნიდან დავინახე, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ჩემს ნაცნობ ქალებს ეკამათებოდა. დავუძახე, გავრილოვის მონა ხარ, შენ გამო ხალხი ციხეში ზის-მეთქი. ჩამოდი, აბა, ქვემოთო, დამიძახა, მაგრამ არ ჩავედი. შემდეგ ჩემოდნები ჩავალაგე, სასტუმროს დღეს ვტოვებდი და შესასვლელთან ზაქარია ქუცნაშვილი ცოლთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად დამხვდნენ. დაცვის თანამშრომელმა მკითხა, რა ხდებოდაო და ვუთხარი, რომ უბრალოდ, პროტესტი გამოვხატე. მერე ქალმა მკითხა, ვის უწოდე შენ მონაო და შენს მეუღლეს-მეთქი. ამ დროს გამარტყა ხელი სახეში. ზაქარია ქუცნაშვილი კონფლიქტში არ ჩარეულა", - ამბობს ირაკლი არეშიძე „ბათუმელებთან".
მისივე თქმით, ადგილზე მისულ პოლიციას არ მოუხდენია იდენტიფიცირება, ვინ მონაწილეობდა კონფლიქტში და გამოკითხვაზე ამ კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები არ წაუყვანიათ. ირაკლი არეშიძე ასევე ამბობს, რომ ამ შემთხვევას კიდევ ორი პირი შეესწრო.
„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი კი „რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ „არასწორი ინფორმაციაა ცრუ ინფორმაციაა, პირიქით მოხდა ყველაფერი. თუ ჩავთვლი საჭიროდ, მე გავავრცელებ ინფორმაციას," - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.