(რეზონანსი) გირაოზე და შინაპატიმრობაზე უფრო მკაცრი ღონისძიება არის მხოლოდ პატიმრობა. მე ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ახლავე ჩათვალოთ ჩემი პოზიცია საბოლოო პოზიციად, სადაც საჭიროდ ჩავთვლი იქ მივალ, - ამის შესახებ დეპუტატმა ნიკა მელიამ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მელია უწყებაში დაბარებასა და საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელისუფლების ზეწოლის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ მას აღკვეთის ღონისძიების პირობები არ დაურღვევია.
"თუ კანონი დავარღვიე, ოთხი დღე რას ფიქრობდნენ? თავადაც იციან, რომ კანონდარღვევა აქ არ არის და ჩიხში მოიქციეს თავი. სამაჯური გავიკეთე შეგნებულად. სახლში დავიყენე აპარატურა, გირაო შევიტანე, პასპორტები ჩამომართვეს. ეს ყველაფერი გავაკეთე, რათა არ ეთქვათ, რომ არ ვასრულებ რამეს. იმ კაცმა, ამ მთის იქით რომ ცხოვრობს, მაგიდას ჩამოარტყა ხელი და თქვა, რომ ეს მელია დააბით სახლშიო. მართლა, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ. შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონს და კონსტიტუციას არ დავარღვევ", - განაცხადა ნიკა მელიამ.