(რეზონანსი) 62 წლის სიმა მირზოევა-პივაზის სადისტური მკვლელობის საქმე ძალოვნებმა გახსნეს, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მაზლი აღმოჩნდა. იგი სიმა პივაზის დაკრძალვის დღეს დააპატიმრეს და იმავე დღეს გაიგეს ახლობლებმა, რომ მომხდარში ნათესავი იყო გარეული. შსს ადასტურებს, რომ დანაშაული გახსნილია.
მთელი სანათესაო მომხდარით შეძრულია და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ოჯახის ერთ-ერთი ნათესავის თქმით, მკვლელი ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ იქ ტრიალებდა და სამძიმარსაც იღებდა.
„სიმას მაზლია დაკავებული, მას ახლობლები გრიშას ვეძახით, გრიშა ამარიანი. სიმას მეუღლეს, ზურაბს გვარი ჰქონდა გამოცვლილი, წინაპრების გვარზე გადავიდა, ამიტომ არის პივაზი, ხოლო სხვა დედმამამიშვილები ამარიანები არიან. ყველანი შოკირებულები ვართ. ეს დღეები გრიშა დადიოდა იქ ჩვეულებრივ, ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა. დაკითხვაზე რამდენჯერმე წაიყვანეს ისიც და მისი ოჯახის წევრები, მაგრამ რას ვიფიქრებდით სიმას მკვლელი ის თუ იქნებოდა.
როგორც ჩანს, სიმა მას წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომ ბრალდებულს დაზიანებები აქვს, კერძოდ ნაკაწრები და ერთი ჭრილობაც, ეტყობა სიმა იმ დროს მისთვის დანის წართმევას ცდილობდა და ხელი მაგ დროს დაუზიანდა მკვლელს. ისე ცოტა დაბნეული კი ჩანდა, ამდენჯერ რომ წაიყვანეს დაკითხვაზე, მაგრამ ამას ვინ იფიქრებდა. ხშირად დადიოდა მათ სახლში, პატივს სცემდნენ. ბრალდებულის და და ნათესავები ამბობენ, ჩვენ მოგვეცით და ჩვენ თვითონ ვაწამებთ ისე, როგორც სიმა აწამაო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ეს ძალიან ცოტაა, მას სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. თქვენ არ იცით როგორ წამებით არის ქალი მოკლული. ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა და მერე ბინიდან წაუღია ოქროული, სახლსაც ცეცხლი წაუკიდა, ეტყობა უნდოდა ცხედარი დამწვარიყო და ასევე ბინაში არ გამოჩენილიყო მისი იქ ყოფნის კვალი, მაგრამ არ გაუმართლა", - ამბობს ოჯახის ნათესავი „კვირის პალიტრათან".