(რეზონანსი) 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში მკვლელობა მოხდა. 35 წლის ზურაბ მამადაშვილმა კარის მეზობელი და მოგვარე, ოლეგ მამადაშვილი სასტიკად მოკლა.
მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ამ შემზარავ ფაქტს მოკლულის არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. ოლეგ მამადაშვილის შვილები შეეცადნენ მამა მოძალადისგან დაეცვათ, მაგრამ ბავშვები ვერაფერს გახდნენ, ზურაბ მამადაშვილმა მამაკაცი მისი შვილების თვალწინ ოლეგს ჯერ დანა დაარტყა ბეჭებში, შემდეგ კი თავში - შეშის ნაჭერი.
მამადაშვილების მეზობელი ქალბატონი ამბობს, რომ ზურა მამადაშვილი კრიმინალია, ადრე ნასამართლევი, რომელიც ციხიდან შეწყალებით გამოვიდა. აი, რას მოგვიყვა გარდაცვლილის მეზობელი ქალბატონი, რომლის თხოვნითაც მის გვარ-სახელს არ ვასახელებთ:
- უმძიმესი ფაქტი მოხდა. მოკლა უკეთილშობილესი ადამიანი, ჩვენი ოლეგი, რომელიც ყველას უყვარდა სოფელში. გააუბედურა მთელი ოჯახი. ოლეგი უკონფლიქტო კაცი იყო, წარმოუდგენელია მას რამე ეთქვა ზუროსთვის. ეს იყო არაკაცი და გარეწარი. დალევა უყვარდა, მერე რომ ამოივლიდა სოფელში ყველას გვლანძღავდა, დიდს და პატარას უშვერი სიტყვებით მოგვმართავდა.
ახლა ვბრაზობ ჩემს თავზე, რამ გაგვაქვავა, რატომ არ ვეწინააღმდეგებოდით მის აგრესიას და ხმას რატომ აღარ ვიღებდით აქამდე. იმ დღესაც საღამოს, უკვე ბინდდებოდა, მთვრალი ყოფილა, ოლეგის სახლთან შეხვედრია, თურმე ისევ იგინებოდა და ოლეგის უთქვამს, რას იგინებიო, მას უპასუხია, ზუსტად შენ გაგინებო და პირდაპირ ჩაურტყია დანა. ოლეგის ბავშვებმა გაიგონეს მამას რომ ეჩხუბებოდა და გამოიქცნენ, თურმე ერთი ბიჭი საქონელთან ყოფილა, ხელში ვედრო ეჭირა და მოდიოდა, რომ ნახა დანამომარჯვებულმა ზურომ მამამისს დანა ჩაარტყა, ბავშვმა ვედრო ესროლა დამნაშავეს.
დანა ბეჭებში აქვს დარტყმული, თავიც გადახეთქილი აქვს ორ ადგილას. ადგილზე მოკლა პატიოსანი, უდანაშაულო ადამიანი. თვითონ ეს ბოროტი კი ამ დრომდე თავისუფლად ქუჩაში დადის, ჯანდაბაში წასულა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გაანადგურა ოჯახი. საშინელ დღეშია ოლეგის მამა, ამ ოჯახს ერთი შვილი აფხაზეთის ომში ჰყავს გარდაცვლილი და ახლა ოლეგი ამ არაკაცმა საკუთარი სახლის წინ უმოწყალოდ მოკლა. ადამიანი, რომელსაც არაფერი დაუშავებია. მთელ სოფელში ერთ კაცს ვერ იპოვით, ვინც ოლეგიზე ცუდს იტყვის.
მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.
(კვირისპალიტრა)