ნიკა გვარამიას გირაოს თანხას მისი მეგობრები გადაიხდიან, გვარამია კი კვლავ წინააღმდეგია, რომ თანხა შეიტანოს, თუმცა განმარტავს, რომ ითვალისწინებს მეგობრების თხოვნას, რომლებიც არსებული ვითარების გამო ნერვიულობენ.
“ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ყველაზე მშვიდი პაატა იაკობაშვილით დაწყებული, გადარეული ნანუკა ჟორჟოლიანით დამთავრებული. ტელევიზიაში თითქოს ყველაფერი გამოდის, წესრიგშია, მაგრამ სადღაც იქ, ალარმის წითელი ნათურა მაინც ჩართული აქვთ. რაღაც ვარიანტებს იგონებენ, ჩვენ გადავიხდით ჩუმად, კიდე რაღაც და კიდე რაღაც და მამუნათებენ, ამხელა საქმე გააკეთე და უაზრო ახირებას როგორ უნდა გადააყოლო საქმეც და ამდენი ადამიანიცო.
ცალკე ჩემი ადვოკატი და სრული ნდობის კაცი დიტო საძაგლიშვილი მეუბნება, მე გადავიხდი, ფეხებზე მკიდია, შენ რას იზამ, საქმეს ღუპავ სულელური ახირებითო.
ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც და ითხოვენ გარანტიებს, რომ ადგილზე ვიქნები. აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება.
ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. სწავლის თავი არ მაქვსო, იძახის, ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდებიო. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში.
მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს”, - წერს გვარამია.