(რეზონანსი) „მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ქართული ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია, რაც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას.
„მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი. როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, როგორც წესი კურსი ღრუბელის ფუნქციას აკეთებს, პირველ დარტყმას ეგ იღებს. რა ხდება რეალურ შემთხვევაში, რეალური ეკონომიკის ზრდა ივლისში 6% დაფიქსირდა, ჩვენ აგვისტოსაც ვხედავთ და შეგვიძლია დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ მოხდა, პროდუქტის და მომსახურების წარმოება, რეალურ განზომილებაში არ შემცირდა, ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე უცილობლად გამოიწვევს ლარის გამყარებას", - განაცხადა მაჭავარიანმა.
დღეს, პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.