(რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მას რუსთაველის გამზირზე არავისთვის დაურტყამს და პირიქით აქეთ გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
"ჩვენ ხმას არ ვაძლევდით მთავრობას ამიტომ ავდექი და წამოვედი [პლენარული სხდომიდან]. ტაქსი ვერ ამოვიდა, ქვემოთ ჩავდიოდი. იქ დამესხნენ თავს სასტვენებით, ცხვრებით, დამიწყეს მთელი ამბავი. მე თავი დავიცავი", - განაცხადა კვიციანმა.
"პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამბრაში სოხუმში იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდით", - ასე უპასუხა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებს სად წაიყვანა ის პოლიციამ და იმყოფებოდა თუ არა უკვე დაკითხვაზე.
ემზარ კვიციანი სპორტის სასახელში პატრიოტთა ალიანსის შეკრებაზე მივიდა მას შემდეგ, რაც ის რუსთაველის გამზირიდან პოლიციამ წაიყვანა.
დღეს დილით პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას" მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა.
მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა" და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.