(რეზონანსი) ბევრი დრო არ დარჩა, რაც აქ, ამ შენობაში, ამ დარბაზში, ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი, - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს სხდომათა დარბაზში, სიტყვის გამოსვლისას.
მელიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დროის მოკლე მონაკვეთში ქართველი ხალხის ნება და სურვილი შევა.
„სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი შემოვა აი, აქ, ამ დარბაზში, ამ შენობაში, თავის შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც სუვერენული ხალხი, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, შემოვა, როგორც მომავლის უპირველესი განმსაზღვრელი, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის მთავარი ამწყობ-დამწყობი. რამდენიმეს გეღიმებათ, თქვენ წარმოიდგინეთ, მესმის ამ ღიმილისაც - ეს არ არის გულწრფელი ღიმილი, ეს უფრო სიმწრის ღიმილია. დიახ, იმაზე მალე შემოვა ხალხის ხელისუფლება და ნება პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენია," - განაცხადა ნიკა მელიამ.