(რეზონანსი) რადიკალიზაციის მაღალი დონე არის კრიტიკული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სამთავრობო პოგრამის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამის მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას მოდელირებული სიმართლით სურს პარლამენტზე შტურმს „სხვა სახელი დაარქვას".
პრემიერობის კანდიდატის თქმით, მთავრობისთვის მიუღებელია პოლიტიკური ძალების მიერ პასუხისმგებლობას არაღება. მისივე თქმით, პოლიტიკური დღის წერიგი ქვეყანაში მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება და მთავარი გამოწვევა ხელისუფლებისთვის რიგით მოქალაქეებამდე სიმართლის მიტანა იქნება.
„ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი პარლამენტზე შტურმს ეძახის გამოხატვის თავისუფლებას და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ორგანიზატორები ამ აქციის ან პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც არის დაცვის ობიექტი და მათ პირდაპირი შტურმი მიიტანეს პოლიციის კორდონზე, ეს ადამიანები დღეს ამას ყველაფერს სხვადასხვა სახელებით ამბობენ და ამბობენ, რომ ეს იყოს გამოხატვის თავისუფლება. მათ უბრალოდ განცხადების დონზეც არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ძალადობით პოლიტიკური შედეგების და პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასდროს. ამისთვის არსებობს პარლამენტი და არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს: ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრობლემა, როდესაც სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს, როდესაც მოდელირებული რეალობით ვიღაცა ცდილობს შტურმის ღამეს მოუგონოს რაღაც სხვა სახელი.
უნდა გვესმოდეს, რომ გამოწვევები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება და ჩვენი პასუხისმგებლობის დონე იზრდება," - დასძინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.