
ახალნამშობიარები ქალის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩვილი მიატოვა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 35 წლის შ.ს.-ს კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც სოციალურმა მუშაკებმა ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, ბავშვი დედას დაუბრუნდება, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული.
"ეს ბავშვი გადაყვანილია საიმედო ოჯახში ჩვენი სააგენტოს დახმარებით. სოციალური მუშაკი მუშაობს ამ თემაზე. დანარჩენი, რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ეს შსს-ს თემაა. გამოძიება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დეტალებს ვერ გეტყვით. დედა საავადმყოფოშია. მას როგორც კი ექნება იმის უნარი, რომ ბავშვზე მზრუნველობა აიღოს, უპრობლემოდ დაუბრუნდება, თუ შსს-ში საქმე სხვაგვარად არ წავიდა", - განაცხადეს სოციალური მომსახურების საგენტოში.
ახალნამშობიარები ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით გუშინ გვიან ღამით შეიყვანა. მას ახალშობილი თან არ ახლდა.
ახალნამშობიარები ქალი თემქის საავადმყოფოში ჩვილის გარეშე მივიდა - პოლიცია ახალშობილს ეძებს
სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, შემდეგ კი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და ის გუშინ საღამოს შეიყვანეს კლინიკაში. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.
როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ჩვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
ambebi.ge