რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი)ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი" საკონკურსო სექცია „ჰორიზონტში" აჩვენეს.

კინოფესტივალზე იმყოფება ფილმის მთავარი შემოქმედებითი გუნდი - რეჟისორი, მსახიობი - ნატალია ჯუღელი და ფილმის პროდიუსერი სულიკო წულუკიძე. ფესტივალის განრიგის მიხედვით, მათ ჰქონდათ ოფიციალური ფოტოსესია, წითელი ხალიჩა, ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან და საჯარო პრემიერა.

ამასთანავე, „ბოროტმოქმედი" უკვე ნახა ფესტივალზე აკრედიტებულმა ათასობით ჟურნალისტმა, რომლებიც ვენეციის კინოფესტივალს მთელი მასშტაბით აშუქებენ.

„ბოროტმოქმედი" - ესაა ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მაღაროში მუშაობს და შემთხვევით, ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება.

28 წლის გიორგი ყოველდღიურად თვალს ადევნებს მკვლელობის ძიებას და მის სატელევიზიო გაშუქებას, თუმცა ვერ ახერხებს დარეკოს პოლიციაში და ვერ ეკონტაქტება გარდაცვლილის ოჯახს. ყოველდღიურად ის უფრო და უფრო ეფლობა ამ კრიმინალურ ისტორიაში და საკუთარ თავს კარგავს.

ფილმი millimeter film-ის წარმოებაა და შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. რეჟისორის თქმით, მას ჰქონდა სურვილი გადაეღო ისტორია კაცზე, რომელიც შემთხვევითობის შედეგად, სხვა კრიმინალური ისტორიის გამო საკუთარ თავს კარგავს.

ფილმში მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, მადონა ჩაჩხიანი და ნატალია ჯუღელი ასრულებენ.

ფილმის ქრონომეტრაჟია 135 წუთი.

ბოლო წლებში, ვენეციის კინოფესტივალის ამავე სექცია „ჰორიზონტი" ნაჩვენები იყო ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი" და ქართულ-ფრანგულ-ბრიტანულ-გერმანული კოპროდუქციით გადაღებული ფილმი „პრეზიდენტი", რომელშიც მთავარ როლს მიშა გომიაშვილი ასრულებს.

ფესტივალის სხვა სექციაში კი გაიმართა რუსუდან ჭყონიას „keep smiling"-ის პრემიერა.

ვენეციის კინოფესტივალი, ესაა „ა-კლასის", მსოფლიოს ყველაზე ძველი კინოფესტივალი, რომელიც წელს 76-ედ მასპინძლობს 10 დღიან კინომარათონს.

76-ე კინოფესტივალი 7 სექტემბერს დაიხურება და გამარჯვებულის ვინაობაც დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×