(რეზონანსი) „არ ვიცი ეს ძველი ნიშნული რომელია, უნდა ვთქვათ, რა არის ლარის ძველი ნიშნული," - ამის შესახებ BM.GE-ს ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. როგორც ჭყონია განმარტავს, ეროვნულ ბანკის პრეზიდენტმა მხოლოდ საბანკო რეგულაციები არ უნდა შემოიღოს.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ლარი გამყარდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდებაო. არ ვიცი ეს ძველი ნიშნული რომელია, უნდა ვთქვათ, რა არის ლარის ძველი ნიშნული. ნელ-ნელა გვაჩვევენ, რომ ლარის კურსის ძველი ნიშნული არის 2.95. იმედი მაქვს, რომ როდესაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი ჩამოყალიბდება მისი პირველი ამოცანა იქნება სწორი მესიჯი გააგზავნოს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაელაპარაკოს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თუ მარტო ბანკების რეგულაციებს ატარებს და ლარის კურსს არ მიჰყვება, შეგვიძლია უცხოეთში აუდიტორული კომპანია დავიქირავოთ, რადგან რეგულაციებს აუდიტორული კომპანია უფრო მოაგვარებს, ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი" - განმარტა ჭყონიამ.
ბიზნესმენმა ახალი ეკონომიკური გუნდის მთავარ გამოწვევად ლარის კურსი დაასახელა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან პირველად სწორედ ეს თემა უნდა განიხილოს.
„გახარია კარგად მოახერხებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსზე სწორი პასუხი გააცემინოს ბიზნესმენების და მოსახლეობის მიმართ.
როდესაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი იქმნება ერთი უპირატესობა აქვს, ის ახალი ენერგიით აგვარებს იმ ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს, რაც პირველ პლანზე დგას, ხოლო პირველ პლანზე დღეს ლარის კურსი დგას" - განაცხადა ჭყონიამ.