2246 - ეს ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტის, დანიელ სტეპანენკოს საკონკურსო ქულაა. ის ახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტია ფიზიკის მიმართულებით.
დედა ეროვნებით რუსი ჰყავს, მამა - ბელარუსი. ორივე საქართველოში დაიბადა. თავად დანიელმა თბილისის 72-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 5 საგანი ჩააბარა და ყველა მათგანში მაღალი ქულები მიიღო:
- ქართული 60/70
- უნარები 73/80
- უცხო ენა 80/80
- მათემატიკა 56/59
- ფიზიკა 74/75 (წლევანდელი მონაცემებით, ფიზიკის გამოცდაზე ეს ყველაზე მაღალი შედეგია)
როგორ შეძლო ასეთი შედეგების მიღწევა, რას ფიქრობს განათლების სისტემაზე და რას შეცვლიდა გამოცდებში, ამის შესახებ საქართველოს ყველაზე რეიტინგულ აბიტურიენტი mshoblebi.ge-სთან საუბრობს:
"ვფიქრობ, კარგი შედეგები განაპირობა შრომამ და ცოტა იღბალმა. მართალია, ბევრს ვშრომობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ასეთ მაღალ ქულებს ავიღებდი.
ყველაზე მეტ დროს ქართულისთვის ვხარჯავდი. ის ჩემთვის მშობლიური ენა არაა, მაგრამ იძულებული ვიყავი, როგორც მშოლიური, ისე ჩამებარებინა. შესაბამისად, ყველაზე მეტად გამიჭირდა ქართულში მომზადებაც და გამოცდის ჩაბარებაც. როგორც ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, დამეხმარა "შრომა და ბარათაშვილი". ის ჩემი საყვარელი პოეტია და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ მისი ლექსი შემხვდა გამოცდაზე. ძალიან დამეხმარა ლიტერატურის ცოდნაც, რამაც საშუალება მომცა, ტექსტთან ბევრი პარალელი გამევლო.
სხვა საგნები (ფიზიკა, მათემატიკა...) კარგად ვიცოდი, ასე რომ, მათთვის მოზადებას მხოლოდ ორი თვე დავუთმე. უცხო ენად ჩემი მშობლიური ენა, რუსული, ჩავაბარე.
არ მომწონს ფიზიკის, მათემატიკისა და უნარების გამოცდები, რადგან ზედმეტად ბევრ ადვილ ტესტურ დავალებას შეიცავს. ასეთ გამოცდაზე, შეიძლება, პროფესორმაც დაუშვას შეცდომა შემთხვევით (ჩემი ყველა შეცდომაც შემთხვევითი იყო). აჯობებს, ნაკლები ტესტური და მეტად სააზროვნო, უფრო რთული ამოცანები იყოს.
ვფიქრობ, რომ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი დრო უნდა ჰქონდეთ, რადგან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ფიქრობს ძალიან კარგად და ლოგიკურად, მაგრამ ნელა", - ამბობს სტეპანენკო.