საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამორჩეული მელელოვე მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებს" დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს.
35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 2017 წელს გააკეთა. მაშინ მამუკას მიაჩნდა, რომ ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმო, მაგრამ გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების შემდეგ, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას დასთანხმდა.
პირველი ვრცელი კომენტარი მამუკა გორგოძემ საქართველოს რაგბის კავშირთან გააკეთა და მსოფლიოს თასის გეგმებზე ისაუბრა.
„მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა - საქმეს ასე დასჭირდა და დავბრუნდი. ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა, გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში, არაერთი მცდელობა იყო, რომ გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე",- ამბობს გორგოძე.
წყარო: დაიჯესტი