(რეზონანსი)ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის განცხადებით, ოკუპაციაა ის, რის გამოც ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანება უნდა შესთავაზოს. ამის შესახებ კალიულაიდმა სლოვენიაში, ქალაქ ბლედში გამართულ ფორუმზე განაცხადა.
"საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია. კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება. ზოგჯერ სიტუაცია უფრო საიმედოა, ზოგჯერ ნაკლებად, თუმცა მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დავუხუროთ კარი საქართველოს, არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია და ეს გაყინული კონფლიქტიც კი არ არის. ოკუპაცია ე.წ სამხრეთ ოსეთში ამ წუთებშიც გრძელდება", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
კერსტი კალიულაიდის თქმით, ევროკავშირმა გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს უნდა შესთავაზოს და მასზე უარის თქმა რუსეთის გავლენაზე მიანიშნებს.
„თუ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საქართველოს უარს ვეუბნებით მხოლოდ იმის გამო, რომ გვეშინია რუსეთის რეაქციის, ეს არის სიგნალი, რომ კვლავაც რუსეთი გვკარნახობს, ვის შეუძლია დასავლური ორიენტაციის არჩევა და ვის არა", - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.