(რეზონანსი)სირცხვილზე მეტია ძალადობრივი რეჟიმის მსახურების დაბრუნება უვადოდ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბესელიამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, ის პარლამენტი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ძლიერი ინსტიტუციაა, საშემოდგომო სესიას იმ მოვლენების შესწავლით და შეფასებით დაიწყებდა, რაც 20-21 ივნისს პარლამენტში და მის გარეთ განვითარდა.
„მე მგონია, რომ ის პარალამენტი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუცია, უნდა იწყებდეს საშემოდგომო სესიას საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის რეალური განხორციელებით. ეს რეალური განხორციელება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა 20-21 ივნისის მოვლენების ჯერ შესწავლა და შემდეგ შეფასება და არა პირდაპირ შეფასება და იმის თქმა, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში. ეს ასუსტებს პარლამენტს და უკარგავს კონტროლის ფუნქციას. იმის თქმა, რაც დადგენილებაში წავიკითხე, რომ თურმე სამართლებრივად ყველაფერი აპრიორად იყო სწორად, ისე რომ არ მომხდარა ამ ფაქტების შესწავლა, მინიმუმ საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუნდაც სამუშაო ჯგუფის შექმნა, ამ ყველაფერის გარეშე, ეს არის უარის თქმა საკუთარ მანდატზე. ყველა გრძნობს, რომ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა იქნება უმწვავესი არჩევანის წინაშე ქვეყნის დატოვება. როდესაც იხურება პოლიტიკური დისკუსიების სივრცე, პროცესები გადადის ქუჩაში. ნუ დაითვლით ადამიანების რაოდენობას, რამდენი ადამიანი დგას რუსთაველზე ან პარლამენტის შემოსასვლელთან. ვისაც აქვს ბრძოლის გამოცდილება და ამ დარბაზში სხედან ასეთი ადამიანები, ძალიან კარგად გრძნობენ, რომ ამით არ იზომება ქვეყანაში კრიტიკული განწყობა, რომელიც ძალიან დიდია და არ მგონია, რომ ეს არ იგრძნობოდეს", - განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საშემოდგომო სესიისას საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხება, მნიშვნელოვანი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაც.
„ყველაზე დიდი გამოწვევა ამ საშემოდგომო სესიისთვის, კონსტიტუციურ ცვლილებასთან ერთად, იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - რა პოზიციას აირჩევს პარლამენტი, როდესაც შემოვა სია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების. მე მგონი, ყველა აცნობიერებს, მიუხედავად იმისა რამდენი ხანი ჰქონია შესაძლებლობა პოლიტიკაში ყოფნის და ვინ ვისი მსახური იყო, რომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ როგორი იქნება ამ ქვეყნის საბოლოო მომავალი, ქვეყანა წარსულში დაბრუნდება თუ წინ გადადგავს ნაბიჯს დემოკრატიისკენ ამ კენჭისყრებზე იქნება დამოკიდებული. სირცხვილზე მეტია ძალადობრივი რეჟიმის მსახურების დაბრუნება უვადოდ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.