(რეზონანსი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განსასჯელ, 85 წლის ომარ გამყრელიძეს, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გილერ ენდელაძემ, თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
ამ მიზეზით, განსასჯელი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ ესწრება. სხდომაზე მხოლოდ ომარ გამყრელიძე უმცროსი იმყოფება.
დღევანდელ სასამართლო განხილვაზე ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის, საქმის გამომძიებლები იკითხებიან.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატმა გამყრელიძეებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და მათი გათავისუფლება მოითხოვა.
სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შემდეგი სასამართლო სხდომა, კვლავ მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
მიმდინარე წლის 3 მაისს, სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანი მოკლეს და ერთი ქალი დაჭრეს. თავდაპირველი ვერსიით, შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულია 85 წლის ომარ გამყრელიძე. მოგვიანებით გამოძიებამ დააკავა მკვლელობის მეორე ფიგურანტი, ბრალდებულის შვილიშვილი, უმცროსი ომარ გამყრელიძე.
საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
3 მაისს სასიკვდილოდ დაჭრილი ქალი საავადმყოფოში 12 ივნისს გარდაიცვალა.
5 მაისს ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.