(რეზონანსი) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე მტკიცებულებად დრონს წარადგენს.
საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც გუშინ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თითქოს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს, რაზეც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში გუშინვე აღნიშნეს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნულ ნივთს არ აღენიშნება არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის კვალი.
"ეს დრონი არის შესწავლილი და დათვალიერებული. ჩვენ ამას წარვუდგენთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რათა ბოლო მოეღოს უსაფუძვლო ბრალდებას", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.