რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ და ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ ჩვენი დაყოფა - ამის შესახებ ბოდბის მონასტერში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

„რუსეთს არც აფხაზეთი სჭირდება და არც ცხინვალის რეგიონი, მაგრამ იმიტომ აკეთებენ ამას, რომ საქართველო ძლიერი არ იყოს. ჩვენ ხომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამაში? - არ უნდა შევუწყოთ. მაგრამ ხშირად ვქადაგებ იმაზე, რომ აუცილებელია ჩვენი შერიგება. ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს. რუსეთს კიდევ რა უნდა? - ჩვენი დაყოფა. ვისაც დაყოფა უნდა, ის ქართულ საქმეს ვერ გააკეთებს. ერთმანეთთან ჩასაფრებულები არ უნდა ვიყოთ.

მინდა ერთი რამ გითხრათ, რასაც პოლიტიკოსები მალავენ და ერთმანეთს საწინააღმდეგოდ იყენებენ ამას. მინდა მივმართო ხელისუფლებას, მივმართო წესიერ ისტორიკოსებს, რუსეთი არის იმპერია, ამიტომ არ გაგვიკვირდეს, რომ ჩვენ დაგვიპყროს ან ოკუპაციასთან ერთად ანექსიაც განახორციელოს. იმპერიაა და საზღვრებს უნდა ზრდიდეს. როცა არ ზრდის, მაშინ სიკვდილისკენ მიდის ასეთი იმპერია. კარგს არ ველოდოთ მათგან. სანამ ჩვენ ასე დაყოფილები ვიქნებით, ისინი ადამიანებად არ ჩაგვთვლიან.

ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ და ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, ერთმანეთის ჭამას თავი უნდა დავანებოთ აუცილებლად, გავძლიერდეთ, დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს. ასე თუ გაგრძელდა, შანსი არ არის დაბრუნების. ვინც დაკარდა ისინი განიკითხავებ ხელისუფლებას. ჩვენს პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო, ახლა რომ იძახიან გადმოწიეს, გადმოწიესო, 20 პროცენტი რომ დაიკარგა, მე ჩავაბარე? კი, რუსეთი ამას ნებისმიერ ხელისუფლებასთან იზამდა. არც წინა ხელისუფლებას ვაბრალებ მაგას, არც გამსახურდიას და არც შევარდნაძეს, არც ამ ხელისუფლებას, ამით გვსჯიან, რომ არ ვუჯერებთ და თავისუფლება გვინდა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×