(რეზონანსი) ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი დავით ქაცარავას განცხადებით, რუსეთ-ოსეთის სამხედრო ძალების გადაადგილება შეინიშნება სოფელ ჩორჩანასთან, პროვოკაციებიც არის მოსალოდნელი.
„ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას ატოცის საპატრულო ჯგუფმა დააფიქსირა საოკუპაციო ძალების გადაადგილება ბალთა-ქალეთი-წნელისის მიმართულებით. 2 ჯავშანმანქანა, სამხედრო „ კამაზი და მაღალი გამავლობის ა/მ მოძრაობენ წნელისის მიმართულებით.
შესაძლოა ეს როტაციაა, თუმცა ძალების გაზრდა წნელისში და ჩვენი საგუშაგოს მიმდებარედ ჩორჩანაში არაა გამორიცხული. რუსოსმა ოკუპანტებმა ჩორჩანას დაპირისპერაში „სახე დაკარგეს". აწი ნებისმიერი სახის პროვოკაციას უნდა ველოდოთ მათგან. ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!". - წერს დავით ქაცარავა.
სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა გუშინ ამოიწურა. მათ ქართული პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მოითხოვეს.
გუშინვე სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აგრეთვე, ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ვითარების დეესკალაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. შემდეგი კვირის დასაწყისში ერგნეთში კიდევ ერთ ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
ამასთან, მისი თქმით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო თავის ადგილზე რჩება.