რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები 1 ლარად შეიძენენ, - შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

იგივე შეღავათი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველ, ასაკით პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე და ომის ვეტერანებზე. მედიკამენტების პროგრამით უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც წამლების 1 ლარად შეძენა შეუძლიათ.

„მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხები მოქალაქეებისთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ტვირთს, რომლის შესამსუბუქებლად მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. მთავრობა მომავალშიც განაგრძობს მუშაობას, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×