რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვლასთან დაკავშირებით, განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს - არა, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ს გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, არხზე დარჩენის გადაწყვეტილება თანამშრომლების უმეტესობამ მიიღო. თუმცა, სალია არ აკონკრეტებს არხიდან წასული თანამშრომლები დაბრუნდნენ თუ არა ისევ „რუსთავი 2"-ში.

„ამას ამ ეტაპზე არ გეტყვით. „კომედი ჯგუფიდან" ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, სულ რამდენიმე ადამიანი წავიდა. დანარჩენები აგრძელებენ მუშაობას, ფიქრობენ ახალ იდეებზე და ისინიც ძალიან ბევრი საინტერესო სიახლით დაგვიბრუნდებიან.

ალბათ, რთულად წარმოგიდგენიათ ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, სტრესი, რაც არხის თანამშრომლებმა გადაიტანეს იმის გამო, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს არხი დაანგრიონ, აქედან თანამშრომლები გაიყვანონ და მერე ქუჩაში უმუშევრად დატოვონ. ისინი ამ ადამიანების მიმართ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. არ მინდა, სახელები და გვარები დავასახელო, ვინაიდან მათ მიმართ კვლავ განახლდება ის შეტევა, რაც იმ დღეს ხორციელდებოდა, როცა ჟურნალისტებმა ტელევიზია დატოვეს. ამიტომ დავიცავ მათ კონფიდენციალობას.

არ ვიცი ემუქრებიან თუ არა, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, არხზე დარჩენილი თანამშრომლების მიმართ სხვასხვა ტიპის მოწოდებები, შეურაცხყოფები, ღალატში დადანაშაულება რომ ხდებოდა. ადამიანები ძალიან სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და არ მინდა ეს განმეორდეს. მედიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, ვიღაცებს სამმაგ ხელფასებს ვპირდებით და რომ ვიღაცებს ვურეკავთ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს ადამიანები კვლავ დააშინონ, კვლავ შეუქმნან ისეთი პირობები და მოცემულობა, რომ მათ აქ დაბრუნება არ იფიქრონ", - აცხადებს სალია „ინტერპრესნიუსთან".

რაც შეეხება იმას, თუ ვისგან განიცდიდნენ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ზეწოლას, სალია აცხადებს, რომ ეს ნიკა გვარამიასგან და მისი მხარდამჭერებისგან ხდებოდა.

„აბა, გამოცანით ვისი მხრიდან ხდებოდა? გვარამიას და მისი თანამებრძოლების მხრიდან, რომლებიც თითქოს, ამ არხის ერთგულები იყვნენ, მაგრამ ამავდროულად გვარამიასთან ერთად „მთავარ არხს" აფუძნებდნენ, აქედან ადამიანების გადაბირებას ცდილობდნენ, ადამიანებს მოუწოდებდნენ ეს არხი დაეტოვებინათ და წასულიყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქ ჩვეულბრივ მუშაობა გრძელდებოდა", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×