რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) „მთავარ არხს" კონკურენტად ვერ აღვიქვამთ. გვარამია ცდილობს, თანამშრომლები მოატყუოს და „რუსთავი 2" დაანგრიოს, რაც არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

როგორც სალია განმარტავს, „რუსთავი 2" განახლებული სამაუწყებლო ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

„ვერ ვიტყოდი, რომ გვარამიას არხთან მიმართებაში ჩვენ რაიმე კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით. ის არც შეიძლება იყოს ჩვენი კონკურენტი. ჩვენ ჩვენს ამოცანებზე ვმუშაობთ, რაც საეთერო ბადის დალაგება, ახალი სეზონისთვის საინფორმაციო გამოშვებების დაწყებაა. უახლოეს დღეებში სრულად აღდგება მაუწყებლობა, რომელიც განახლებული, უკეთესი, უფრო საინტერესო იქნება და მაყურებელს ბევრ სიახლეს ვპირდებით. ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მუშაობა არ წყდება, დღე და ღამე ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელს ძალიან მალე დაუბრუნდეს „კურიერი", სხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თოქ-შოუები და ასევე ბადე შევავსოთ იმ გასართობი გადაცემებით, რომელიც ასე უყვარს ჩვენს მაყურებელს.

ჩვენ კონკურენტად ვერ აღვიქვამთ „მთავარ არხს", რომელიც ჯერ არც ვიცით, როდის დაიწყებს მაუწყებლობას. გვარამიას მხრიდან არის მცდელობა, „რუსთავი 2" დაანგრიოს. ტყუილი დაპირებებია თანამშრომლების მიმართ, რომ გადაიბიროს, თავის არხზე გადაიყვანოს, სადაც მათი მიღების საშუალება არ აქვს, არც ფინანსებზე აქვს წარმოდგენა, რითი შეიძლება გადაუხადოს ამ ადამიანებს ხელფასები. უბრალოდ, ცდილობს, ისინი მოატყუოს და „რუსთავი 2" დაანგრიოს, რაც მას არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა. დანარჩენს, მაყურებელი შემოდგომაზე შეაფასებს, როცა აქტიური სატელევიზიო სეზონი დაიწყება. ძალიან მალე დავბრუნდებით ეთერში", - აცხადებს სალია „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×