რეზონანსი
28.08.2019

 (რეზონანსი)„მე ვითხოვ ზაზა ოქუაშვილისგან და ნატო ჩხეიძისგან პასუხს, რატომ მოხდა ეს", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ურუშაძე ტელეკომპანია „იბერიას" შენობიდან „მთავარი არხის" მაუწყებლობის დაწყებას.

„ძალიან გაკვირვებული ვარ. არ მეგონა რომ ასეთი რეალობის წინ აღმოვჩნდებოდით. 1 წლის წინ ქუჩაში გამოყრილი ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი, ათობით შემოქმედებითი ჯგუფის წევრი, რომელსაც კარი მიუჯახუნეს ისე, რომ გისოსების მიღმა გვესაუბრებოდა დირექტორი და შენობაშიც აღარ უშვებდნენ წლების განმავლობაში მომუშავე თანამშრომლებს. ძალიან ცუდად მოექცნენ საკუთარ თანამშრომლებს, ძალიან ცუდად მოექცნენ თავისუფალ სიტყვას. ფეხქვეშ გათელეს ფაქტობრივად ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ჩვენს პროფესიასთან. ჩემს კოლეგებს, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს, თუმცა ის რაც დღეს მოხდა ძალიან მაკვირვებს. ძალიან მაკვირვებს ისიც, რომ ეს ცერემონია, რომელიც ყველანაირი გაფრთხილების და ახსნა-განმარტების გარეშე ვნახეთ. მე ვითხოვ ზაზა ოქუაშვილისგან და ნატო ჩხეიძისგან პასუხს, რატომ მოხდა ეს, რა ხდება და მათი პოზიცია ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ძალიან შეურაცხყოფილები ვართ", - ამბობს ჟურნალისტი.

ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მთავარი არხი" მაუწყებლობას პირველ ეტაპზე ტელეკომპანია „იბერიას" შენობიდან დაიწყებს. ამას უარყოფითი რეაქცია მოყვა „იბერიას" ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც არხის დახურვის შემდეგ უკვე 1 წელია „იბერიას" ხელმძღვანელობისგან კომპენსაციების მიღებას ელოდებიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×