„თი ბი სი"-ს დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ფინანსური მონიტორნგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და მათი სახსრები, რომელიც ბრიტანეთში ინახება, შესაძლოა დანაშაულებრივი გზით იყოს ნაშოვნი.
„ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია. ეს მცდელობა ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში. ამისთვის გამზადებული იქნა უკვე სასამართლოების მიერ დამტკიცებული ყადაღის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლოს, იმის ნაცვლად, რომ გადაემოწმებინა პროკურატურის მოთხოვნა, არის თუ არა რამე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფინანსური სახსრები არის უკანონო, პირდაპირ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა და ეს იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში"; - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ის და ხაზარაძე მზად არიან ბრიტანულ მხარესთან ითანამშრომლონ და დაამტკიცონ, რომ ფული, რომელიც მათ ბრიტანეთში მათ სახელზეა, კანონიერია და დანაშაულთან კავშირი არ აქვს.
გარდა ამისა, ჯაფარიძე საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს- ევროკავშირის, აშშ-სა და ბრიტანეთს, მიმართავს, რომ ჩაერთონ და ყურადღებით დააკვირდნენ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის გამოძიებას და ისინი თავად დარწმუნდებიან, რომ საქმე შეთითხნილია.
გარდა ამისა, ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები საზღვარგარეთ, ყოველთვის უნდა გადამოწმდეს, თუ რამდენად საფუძვლიანია .
წყარო: პრაიმტაიმი