რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 36 წლის იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესატანი სარჩელის მომზადება დაიწყო.

როგორც ზურაბ თოდუა აცხადებს, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქრთველოსთან ერთად მოპასუხე უკრაინული მხარეც იყოს.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის პროკურატურა უკვე ერთი თვეა, სუსლიაკის წინააღმდეგ საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს, თუმცა, ამ დრომდე ის არ დაკითხულა.

„ქალბატონი სუსლიაკი ამჟამად თავის შვილებთან ერთად ქალაქ ხმელინსკში იმყოფება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის, მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც ფსიქიატრიულმა ექსპერტიზებმაც დაადასტურეს. უკრაინის სამართალდამცავებთან ჩვენმა „დამნაშავე" პროკურორებმა მოძებნეს საერთო ენა და ეს საქმე იქ ძიებაშია. თუმცა, ამას აქვს ფორმალური და სიმბოლური ხასიათი. იმ მიზნით, რომ ქართველ პროკურორებს თავიდან აეცილებინათ ეს პასუხისმგებლობა, ჩაფრინდნენ იქ და უკრაინელ კოლეგებთან გამონახეს საერთო ენა. შესაძლოა, ჩვენი საჩივრის მოპასუხე საქართველოსთან ერთად უკრაინის მხარეც იყოს, რადგან ისინი უკანონოდ ჩაერთნენ ამ საქმეში. გარდა ამისა, სასაცილოა, რომ ასეთი უმძიმესი ბრალდებით მიმდინარეობს უკრაინაში საქმის ძიება და ის თავისუფალია, ერთი თვეა იქ საქმე აღძრულია და ის დაკითხულიც კი არ არის", - აღნიშნა თოდუამ „ინტერპრესნიუსთან".

რაც შეეხება იულია სუსლიაკის მეუღლეს, თოდუას განცხადებით, ის კვლავ აფხაზეთში იმყოფება.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლა.

სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×