პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს. დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქე თავისი დისშვილის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა ავტომობილში, მძღოლის - 1993 წელს დაბადებული მ.ა.-ს გვერდით მჯდომმა მოქალაქემ - 1991 წელს დაბადებულმა პ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ავტომობილის კარი და საბურავი.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალმა - მ.ა.-მ, თანამზრახველ მამაკაცთან - პ.გ.-სთან ერთად, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით დაგეგმა თავდასხმა დაზიანებული ავტომობილის მფლობელზე.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე თბილისში დააკავა.