ტატა შოშიაშვილი
17.08.2019

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კატეგორიულად უარყოფს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ზღვაში ფეკალიების დიდი მასა ჩაედინება და დედაქალაქი ეპიდემიის რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. 

„რეზონანსთან“ საუბრისას გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი უწყების მიერ თბილისში წყლის მოწამლვით გამოწვეული ეპიდემია არ დაფიქსირებულა და ამის საშიშროება არ არსებობს.

16 აგვისტოს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების კომისიის სხდომაზე. ლევან ხაბეიშვილმა კომისიის სხდომაზე ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, სადაც ჩანს, რომ მილით ზღვაში ფეკალიები ჩაედინება.

„ამდენი ადამიანია, წავიდეთ და ვნახოთ, რომ ფეკალიები ჩადის თბილისის ზღვაში, პირდაპირ მილი ჩადის…  თქვენ თუ არ გააკეთებთ ამას, მივიყვან მანქანას და იმ მილს, საიდანაც მოდის ეს, დავაყრი მიწას“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ერეკლე კუხიანიძემ ლევან ხაბეიშვილი „სისულელეების“ ლაპარაკსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მილის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა იმ ადგილებში, საიდანაც დედაქალაქი წყლით მარაგდება, არაფერი არ ჩაედინება.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მილთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა იცის, რომ სასმელ წყალს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და თბილისის მოსახლეობას შეუძლია, რომ იყოს მშვიდად:

„მე არ ვიცი, რა ვიდეო წარადგინა ხაბეიშვილმა, საქმის კურსში არ ვარ. მე ვიცი, რომ თბილისის ზღვა ძირითადად სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საკვების უსაფრთხოების სამსახურსა და „თბილწყალკანალს“ ეხება და ისინი აკონტროლებენ ყველაფერს.

„ჩვენ არავითარი მონაცემები არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ზღვის წყალში, რომელსაც თბილისში სვამენ, იქ რაიმე ეპიდაფეთქება იყოს - ამის მონაცემები ჩვენთან არ შემოსულა. 

მე შემიძლია დაგიდასტუროთ ის, რომ ჩატარდა რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთერთი სექტემბერში იქნება წარდგენილი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, მათი მონაცემების თანახმად, თბილისის სასმელი წყალი ერთერთი ყველაზე უსაფრთხოა“, - ამბობს ის.

გამყრელიძის თქმით, თბილისის ზღვაში საბანაოდ გამოსადეგი წყლის კონტროლი ეხება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, მაგრამ, როგორც მისთვისაა ცნობილი, თბილისის ზღვაში არანაირი წყლის დაბინძურების მიზეზით ბანაობა არ აუკრძალავთ:

„რაც შეეხება თბილისის ზღვაში საბანაოდ გამოსადეგ წყალს, ამას ამოწმებს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მე როგორც  ვიცი, თბილისის ზღვაში ბანაობა დაშვებულია - ჩვენ ამას არ ვსწავლობთ. ყოველ შემთხვევაში, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იმ რაიონებში, რომელიც თბილისის ზღვის წყალს სასმელად მოიხმარს, იქ ჩვენ წყლის მიერ ეპიდაფეთქებები არ გვქონია“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×