ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო და სოციალური ქსელების საშუალებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ადამიანების კრაზანებისაგან დაკბენისა და მასთან დაკავშირებული არასასურველი შედეგების შესახებ. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გოდერძი გოდერძიშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაწოდა მასალა "ფრთხილად, კრაზანები", რომელშიც მითითებულია რეკომენდაციები კრაზანებისგან და მათი დაკბენისგან თავის დასაცავად:
"დასავლეთ საქართველოში, უკანასნელი ორი წლის მანძილზე შეინიშნება კრაზანების ინტენსიური გამრავლება. კრაზანებისგან დაკბენილი ადამიანების დაღუპვა წარსულშიც იყო აღნიშნული დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კრაზანების რიცხოვნობა საგრძნობლადაა შემცირებული კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებში (აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი) სამაგიეროდ, მათი პოპულაცია ძლიერაა მომატებული სამეგრელოს სხვა ტერიტორიებსა და იმერეთის მთისწინებში.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა ონავარას (გიგანტური კრაზანა) დაკბენის შემდგომ ადამიანების გარდაცვალება. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რეგიონებიდან კრაზანების მიგრაცია მოხდა მის მომიჯნავე წინა მთებში. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ გიგანტური კრაზანის მასობრივი გამრავლება შეინიშნება დუშეთის რაიონის სოფლებში, თბილისშიც, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებზე, გიგანტური კრაზანის ინტენსიური ფრენის მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ფუტკრისგან განსხვავებით კრაზანას შეუძლია რამდენჯერმე დაკბინოს ადამიანი და თვითონ უვნებელი დარჩეს. ბუდეს კრაზანები აგებენ შენობა-ნაგებობების სხვენში, აივნების კუთხეებში, შიფერის ან ფიცრის/ფანერის გადახურვების ქვეშ. ტყეში ბუდეებს აკეთებენ ხექცეულებსა და ზეხმელებში, დაფუტუროებულ კუნძებში, ფუღუროებში, მიწაში.
არის მოსაზრება, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებიდან, კრაზანების სხვა ტერიტორიებზე მიგრაციის გამშვები მექანიზმი აზიური ფაროსანას (Halyomorfa halys) წინააღმდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ჩატარებული ინსექტიციდების ტოტალური შესხურება (დეზინსექცია) იყოს. კერძოდ, კრაზანები დააფრთხო სადეზინდექციოდ გამოყენებულმა პრეპარატებმა, რის გამოც მათი რიცხოვნება მკვეთრად გაიზარდა დასავლეთ საქართველოს მთისწინებში, ანუ ნისლით დამუშავებული ადგილები მათთვის "საცხოვრებლად“ მიუღებელი გახადა და მათ დაიწყეს განსახლება (მიგრაცია) სუფთა, შემასხურებელი ტექნიკისათვის ნაკლებად მისადგომ და დეზინსექცია ჩაუტარებელ ადგილებში.
სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებამ ასევე შეუწყო ხელი გიგანტური კრაზანას აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლასა და თბილისში ადაპტირება/გამრავლების პროცესს. რაც ავტომატურად ზრდის კრაზანების მიერ მოსახლეობის დაკბენის რისკს.
ჩვეულებრივ კრაზანას, გიგანტურისგან განსხვავებით გარდა იმისა, რომ მცირე რაოდენობის შხამი აქვს, ასევე აქვს ძალზედ მოკლე ნესტარი, რომელიც დანესტრისას ხელების დაკოჟრილ კანში ვერ აღწევს. გიგანტურ კრაზანას ფუტკართან შედარებით ხუთჯერ მეტი შხამი აქვს, რის გამოც მისი დანესტვრა ადამიანში სერიოზულ და მტკივნეულ დასიებას განაპირობებს. არის მოსაზრება, რომ ევროპული კრაზანას (ონავარა) მიერ ადამიანის ერთდროულად სამჯერ დანესტრისას შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს.
დანესტრილ ადამინს, თუ აღენიშნება ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები (პირში ე.წ. მეტალის გემო, გონების დაკარგვა, წნევის მკეთრად დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება და სხვა) პირველ რიგში, აუცილებელია, თავიდან აცილებულ იქნას ანაფილოქსიური შოკის განვითარება. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწიენებით ვენაში/კუნთში უნდა გაკეთდეს ადრენალინი (ან ანალოგი). დექსამეტაზონი რომელსაც ადამიანები ხშირად იყენებენ, ყოველთვის არაა ეფექტური.
სუპრასტინის აბების მიღება რეკომენდებულია დაკბენის შემდგომ მსუბუქად გამოხატული ალერგიული მოვლენებისას. ამათან ერთად, ჭრილობაში ინფექციის შეჭრის პრევენციისთვის აუცილებელია ნაკბენი ადგილის ანტისეპტიკით დამუშავება.