რეზონანსი
15.08.2019

  მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე დაშავებული შუახნის ქალის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ მესტიის საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შორენა რატიანი აცხადებს. მისივე ცნობით, 55 წლის ქალი დამოუკიდებლად სუნთქავს, გონზეა და კონტაქტურია.

„ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნორმაშია სასიცოცხლო მაჩვენებლები. მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, ტრავმა აქვს შუბლისა და კისრის არეში. გვითხრა, რომ მთელი ღამე ცდილობდა, არ დაეძინა, რომ არ გაყინულიყო. კიდურები მოძრაობის დროს სტკივა, სავარაუდოდ, მოტეხილობებია, თუმცა ეს კვლევების შემდეგ გამოჩნდება", - განმარტა რატიანმა.

მისივე თქმით, სამედიცინო კვლევების შემდეგ გადაწყდება, გადაიყვანს თუ არა პაციენტს კატასტროფის ბრიგადა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

თეთნულდზე ბელორუსიის ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ისინი მაშველებმა შეტყობინების შემოსვლიდან მეორე დილას იპოვეს. დაშავებული სამაშველო ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილიდან მესტიაში, დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩამოიყვანა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×