
11 აგვისტოს, 50 წლის ასაკში ჯგუფ "შინ"-ის ვოკალისტი და პერკუსიონისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა. ნიჭიერი მუსიკოსის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ბევრს დასწყვიტა გული. კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი ახლახან გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს:
"არ მახსოვს, როდის გავიცანით ერთმანეთი, ძალიან პატარები ვიყავით… ბავშვობიდან რთული ცხოვრება ჰქონდა – მესამე კლასში იყო, დედა რომ გარდაეცვალა… მე და დედა მასთან რომ მივდიოდით ხოლმე, რამდენჯერ მინახავს, თავის უმცროს დას როგორ უკეთებდა წვნიან კერძებს…
ბავშვობიდანვე იცოდა, რას ნიშნავდა ცხოვრების სირთულეები… ისეთი დახვეწილი და რაფინირებული პიროვნება, როგორიც მამუკა იყო, ძნელია მოიძებნოს.
მასზე ყურმოკვრით გავიგე: ხალი მოიწვაო, ვიფიქრე, ალბათ აწუხებდა-მეთქი... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თავის გასაჭირს ბოლო წუთამდე მალავდა იმიტომ, რომ ერთადერთ დას, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა, არ გაენდო და არ ანერვიულა... ამიტომ არც ჩვენ, ვინც მის დას ვიცნობთ, არავის გვიმხელდა. როდესაც უკვე ძალიან ცუდად იყო და ლაპარაკის უნარი დაკარგა, მაშინ გავიგეთ ყველაფერი...
მისი ცუდად ყოფნის ამბავი 10 დღის წინ გავიგე..." - განუცხადა კომპოზიტორმა "ამბები.ჯი"-ს.