(რეზონანსი) ღუდუშაურის კლინიკის ექიმის განცხადებით, 17 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ჩიქობავას ქუჩაზე დაჭრეს, კრიტიკულად მძიმეა.
„ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, კომატოზურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა, - აცხადებენ კლინიკაში.
შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. ის 1982 წელს დაბადებული პირია:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.რ-მ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს„- აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.