რეზონანსი
11.08.2019

 (რეზონანსი) უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამო" „ფეიენოორდს" თბილისში, „დინამო-არენაზე", 15 აგვისტოს, უმაყურებლოდ უმასპინძლებს. მიზეზი ევროპის ლიგის მატჩზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან" გულშემატკივრების სექტორში გამოფენილი ბანერი გახდა, რომელშიც უეფამ ფაშისტური სიმბოლიკა დაინახა.

თბილისური კლუბის გულშემატკივრების გვერდმა „ლეგენდა უკვდავია - დინამო თბილისი" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც კატეგორიულად უარყოფენ, რომ „გაბალასთან" გამოკრული ბანერი ფაშისტურ სიმბოლიკას შეიცავს და არცლებენ ფოტოს, რომელიც სამი წლის წინაა გადაღებული - „ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას! ეს ფოტო გადაღებულია 2016 წლის 18 აგვისტოს. მატჩი: დინამო-პაოკი, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი".

თბილისის „დინამოს" გულშემატკივართა განცხადებაში კი ვკითხულობთ.

„უეფა დინამოს აჯარიმებს 50 000 ევროთი, ამასთან სტადიონის დაკეტვით მომდევნო მატჩზე. მიზეზი ის ბანერია, რომელიც ფოტოზე მოვნიშნეთ. უეფას განმარტებით რიცხვი 88 დინამოს ფანებმა, როგორც ნაცისტური სიმბოლიკა ისე გამოიყენეს. რამდენად ტვინგარეცხილი უნდა იყო, რომ ბანერზე წარწერა OLD SCHOOL (ძველი სკოლა), ამასთანავე ციფრები 1 და 9, რომლებიც 8 და 8 ციფრებს ქვემოთ აწერია ვერ შენიშნო. 1988 წელს დინამოს ფანების პირველი ორგანიზებული გასვლა შედგა, ტრიბუნაზე კი დგას ფანი, რომელიც იმ გასვლაზე იმყოფებოდა. კარგად მოგეხსენებათ ჩვენ ქართველები ხშირად ვამბობთ გასულ წლებს ასე: "81-ში მოვიგეთ თასების თასი" და სხვა მსგავსი... ანუ ჩვენ თუ ვამბობთ 88-ში პირველი ორგანიზებული გასვლა შედგა "ფაშისტები" ვართ? უეფა როდესმე მსგავს სისულელეზე თუ გაიწევდა, ვერც კი წარმოვიდგენდით. ეს ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ფეხბურთი ჩაკლას ჩვენში და დინამოსგან მიიღოს ფული დინამოსგან!" - წერია თბილისის „დინამოს" გულშემატკივართა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო" უეფა-მ ფინანსურადაც დასაჯა - თბილისური კლუბი 50 000 ევროს გადაიხდის. ასევე, კლუბს დაევალა, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი - #equalgame. გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კი „დინამოს" 5-დღიანი ვადა მიეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×