(რეზონანსი) დღეს, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორი ზვიად გუბელაძე ჟურნალისტებს სკანდალურ ბინებზე ესაუბრა.
მან აღნიშნა, რომ გამოძიებას კითხვა ჰქონდა გვარამიასა და კომპანია „ინტერ მედია პლიუსის სხვა ურთიერთობაზე, რაზეც რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა უპასუხა, რომ საქმის გარდა, სხვა ურთიერთობა არ ჰქონია.
პროკურორის ინფორმაციით, კომპანია „ინტერ მედია პლიუსის მიერ გვარამიასთვის საკუთრებაში გადაცემულ ბინებთან დაკავშირებით გამოძიებას დამატებითი კითხვა აღარ ჰქონია.
„პროკურატურის ბრიფინგზე არ გვითქვამს, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს. გაჟღერდა ორი მთავარი ინფორმაცია: ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ მიღებულ იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოტანილი არის დადგენილება. მეორე - საზოგადოებას ეცნობა, რომ ამ დადგენილებით გამოძიება არ დასრულებულა. გამოძიებამ ჰკითხა ჰქონდა თუ არა „ინტერ მედია პლიუსის" დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელობასთან სხვა სახის ურთიერთობა. გვარამიას პასუხი იყო, რომ „ინტერ მედია პლიუსთან" გარდა სარეკლამო ურთიერთობისა, სხვა სახის ურთიერთობა არ ჰქონია. ამის შემდგომ ბუნებრივია, აღარ შევსულვართ დამატებით კითხვებში.
არსებობს უამრავი კითხვის ნიშნები საქმეში არსებულ ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით, ქონებასთან დაკავშირებით და მათ შორის, ამ ეტაპისთვის რაც არის დადგენილი, 2017 წელს შპს „ინტერ მედია პლიუსმა" თბილისში მდებარე 2 საცხოვრებელი ფართი გადაუფორმა ნიკა გვარამიას. მტკნარი სიცრუეა, თითქოს გამოძიებამ მას რაიმე კითხვა არ დაუსვა. მას დაესვა ყველა შეკითხვა, რომელიც მიზანშეწონილად ჩათვალა გამოძიებამ- განმარტავს პროკურორი ზვიად გუბელაძე.
შეგახსენებთ, გვარამიას ბრალი 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.