რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) ბრიფინგზე არ თქმულა, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ჩვენ ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

პროკურორის თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ ბინების ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებამ მას კითხვა არ დაუსვა. მისი განმარტებით, გამოძიების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა "ინტერ მედია პლიუსის" დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელობასთან სხვა სახის ურთიერთობა, გვარამიამ უპასუხა, რომ არ ჰქონია.

"ბრიფინგზე არ თქმულა, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ჩვენ ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს. ბრიფინგზე გაჟღერდა ორი მთავარი ინფორმაცია. პირველი - მიღებულ იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოტანილი არის დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ და მეორე - საზოგადოებას ეცნობა, რომ ამ დადგენილებით გამოძიება არ დასრულებულა. გამოძიება ისევ მიმდინარეობს. არსებობს უამრავი კითხვის ნიშნები საქმეში არსებულ ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით, ქონებებთან დაკავშირებით და მათ შორის, ამ ეტაპისთვის რაც არის დადგენილი, 2017 წელს შპს „ინტერ მედია პლიუსმა" თბილისში მდებარე 2 საცხოვრებელი ფართი გადაუფორმა ნიკა გვარამიას.

მტკნარი სიცრუეა, თითქოს გამოძიებამ მას რაიმე კითხვა არ დაუსვა. მას დაესვა ყველა შეკითხვა, რომელიც მიზანშეწონილად ჩათვალა გამოძიებამ. მათ შორის მას დაესვა კითხვა, ჰქონდა თუ არა რაიმე სხვა სახის ურთიერთობა „ინტერ მედია პლიუსის" დამფუძნებლებთან ან დირექტორებთან. ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მათთან გარდა სარეკლამო ურთიერთობისა, სხვა სახის ურთიერთობა არ ჰქონია. ამის შემდგომ ბუნებრივია, აღარ შევსულვართ დამატებით კითხვებში,"- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, როგორც ნიკა გვარამიამ გუშინ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბრალში ბინების ეპიზოდთან დაკავშირებით, საერთოდ საუბარი არ არის. გვარამიას განცხადებითვე, პროკურორი, რომელმაც დღეს საზოგადოებას გვარამიას ბრალდების საქმე გააცნო, ციხეში მოხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×